1. სუფთა ფურცელი
და, რა თქმა უნდა, დავიწყებთ არა მაკიაჟით, არამედ კანის მოვლით. ყველაზე სწრაფი ხერხი იმისათვის, რომ კანს ჯანსაღი იერი დაუბრუნო — ეს არის სწორი წმენდა და აქერცვლა. სახის დასაბან ღრუბელზე დაამატე მცირე რაოდენობის საყვარელი სკრაბი და მსუბუქი წრიული მოძრაობებით გადაატარე თითები სახესა და კისერზე. გამწმენდი საშუალების ნარჩენები გრილი წყლით ჩამოიბანე. სახის ზეთის რამდენიმე წვეთი ნოტიო კანზე წაისვი და გადაანაწილე თითების სწრაფი და მსუბუქი მოძრაობით — ეს პროცედურა შენს კანს დატენიანების მძლავრი მუხტით დაასაჩუქრებს. დაამატე შრატი და კრემი თვალის გარშემო ზონისთვის. შეურიე ერთმანეთს საყვარელი სახის კრემი, პრაიმერი და ტონი, გადაინაწილე მთელ სახეზე — უნაკლო საფუძველი მაკიაჟისთვის მზად არის!
2. უბრალოდ ბზინვარება!
როგორც ჩანს, მოციალე კანის ტრენდი პოზიციების დათმობას არ აპირებს. გირჩევთ მასთან დამეგობრებას, თუკი ეს აქამდე არ გაგიკეთებია. ნუ შეგეშინდება ჯანსაღი ციალის ნაცვლად ცხიმოვანი ბზინვარების მიღების — ერთი წვეთი ჰაილაითერის გამოყენება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზონებში მხოლოდ შენს სასიკეთოდ იმოქმედებს.
აიღე კორექტორი და ცოტაოდენი წაისვი ყვრიმალებზე, შუბლის და ნიკაპის ცენტრზე, ცხვირის ზურგზე, ზედა ტუჩის ზევით "V" ღარზე. დამალე მუქი წრეები თვალების ქვევით: თავდაპირველად წაისვი სქელი კორექტორი მთელ თვალებქვეშა სივრცეზე, შემდეგ თითების ბალიშების ტყაპუნით იგივე მსუბუქი კორექტორი შეიზილე ყველაზე მუქ უბნებში. მეტი ეფექტისთვის ზემოდან დაამატე — (ვერ დაიჯერებ!) — ცოტაოდენი ღია ფხვნილისებური ჩრდილი.
3. შემომხედე
შეუძლებელია მთელს მსოფლიოში თვალების ორი ერთნაირი წყვილის პოვნა — მაშ, რატომ არ გავუსვათ ხაზი მათ უნიკალურობას? აი, ერთბაშად რამდენიმე იდეა — შეარჩიე იმიჯის და გუნება-განწყობილების მიხედვით.
• გამომხატველი მზერისთვის — შექმენი სველი ქუთუთოს ეფექტი სპეციალური დამარბილებელი საშუალების Tender Care მეშვეობით.
• წაისვი მკვეთრი ეფექტის მქონე კრემისებური ჩრდილი მთელ ქუთუთოზე და დატუშე.
• რაღაც უფრო თავდაჭერილი გინდა? დაფარე მთელი ქუთუთო ნებისმიერი ბუნებრივი ფერით, თვალების კუთხეები ხორცისფერი ფანქრით ან ფხვიერი ჩრდილით გამოკვეთე.
• მეტი დრამისთვის? გაიკეთე მსუბუქი smoky eyes უფრო მუქი ფერებით — მაგალითად, ნაცრისფერით.
• კიდევ უფრო მეტი მკაფიოება გსურს? გადაისვი ნაცრისფერი ან ყავისფერი ფანქარი და შეავსე მანძილი ქვედა და ზედა წამწამებს შორის.
მნიშვნელოვანია: რომელი მაკიაჟიც არ უნდა აირჩიო, დარწმუნდი, რომ ის შეეხამება წარბების გაფორმების შენეულ ხერხს. ბუნებრივი იერის შესაქმნელად გაიკეთე მსუბუქი და ფაფუკი წარბები, ხოლო უფრო დრამატული გამომეტყველების მისაღწევად დაამატე მკაფიო ხაზები.
4. ფერთა ტერაპია
ტუჩებზე გრადიენტის და ომბრეს ეფექტი კანის ტონის ხაზგასმაში დაგეხმარება და მას დამატებით ციალს მიანიჭებს. აირჩიე ტუჩსაცხის ფერი, რომელიც კარგად შეეხამება შენი კანის ტონს: ფორთოხლისფერი ან მარჯნისფერი ნათელი ტონისთვის, შტოში ან მოვარდისფრო-სოსანისფერი საშუალოსთვის და ყავისფერი ან ტერაკოტისფერი შავგრემანი კანისთვის.
ახლა ამოცანა — ფერის გადასვლის ეფექტის ჩვენება (ვიდრე დაიწყებ, იხილე ვიდეო გაკვეთილი). წაისვი ცოტაოდენი ტუჩსაცხი ქვედა ტუჩის ცენტრზე და გაშალე კუთხეების მიმართულებით. ამისთვის გამოიყენე ბამბის ჩხირი ან არათითის ბალიში. ასე გადასვლა უკეთესი გამოვა. ზემოდან კი გამჭვირვალე მბზინავი საცხი გადაისვი. ვუალა!
5. ფერუმარილი
რუჟი მყისიერად ანიჭებს სახეს ჯანსაღ, ნორჩ და მოკაშკაშე იერს, ხელს უწყობს სახის კონტურების გამოკვეთას და ვიზუალურად ცვლის მის ფორმას. არ შეგზღუდავთ ფერუმარილის ტიპის არჩევანში, ამის საჭიროება არ არის. რუჟი არსებობს მშრალი, კრემისებრი ან ბურთულების სახით. აირჩიე ის, რომელთანაც გაგიადვილდება მუშაობა.
არ იცი, როგორ აირჩიო სწორი ფერი? ორიენტაცია ტუჩების ფერზე აიღე. ამოცანას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ: ვარდისფერი ყოველთვის უხდება ღია ფაიფურისებრ კანს, ატმისფერი — ხორბლისფერ კანს, ხოლო მოვარდისფრო-ყავისფერი — მუქი ტონის კანს. წაისვი იგი სახის იმ უბნებზე, რომლებსაც მზე ეხება: ყვრიმალებზე, შუბლზე, ნიკაპსა და ცხვირის ზურგზე.
გსურს მსუბუქი სიღაჟღაჟის ეფექტი? მოერიდე პუდრა-შიმერს (ფხვნილისებურს) მბზინავი ნაწილაკებით. გინდა ყველაფერი ან არაფერი? აირჩიე მკვეთრი ფერი, მაგალითად, ნარინჯისფერის მსგავსი და დაამატე ჰაილაითერი. ასეთი კომბინაცია დაუყოვნებლივ აკიაფდება შენს სახეზე!