1. როგორ ზემოქმედებს არომატი ემოციებზე?
პირდაპირ და უშუალოდ. რადგანაც ის, თუ როგორ ვრეაგირებთ არომატზე არის ჩვენი პირველადი რეაქცია. გრძნობის ორგანოებს შორის ყნოსვა ყველაზე ნაკლებად არის დაკავშირებული ტვინის მუშაობასთან. იგი პირდაპირ არის შეერთებული ყნოსვის ნერვთან და ამიგდალასთან, იგივე ნუშისებრ სხეულთან, რომელიც საკვანძო როლს თამაშობს ემოციების ფორმირებაში და ლიმბური სისტემის ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ იწვევს არომატი მყისიერ ემოციურ რეაქციას.
2. როგორ ვიპოვოთ სასურველი არომატი
მხატვრების მსგავსად, რომლებიც ფერწერული ტილოს შესაქმნელად სხვადასხვა საღებავებს იყენებენ, პარფიუმერები არომატების შესაქმნელად აგროვებენ რამოდენიმე ნოტას — ზედა, შუა ან გულის ნოტებს და ძირითად, ბაზურ ნოტებს. ზედა ნოტები ქმნის ჩვენს პირველ წარმოდგენას სუნამოზე, იწვევს პირველ შთაბეჭდილებას. ამიტომ მათი საშუალებით იოლია მიხვდე, "გიხდება" თუ არა არომატი. შუა ან გულის ნოტებში ჰარმონიულად არის შერწყმული არომატების რამდენიმე ოჯახი (მაგალითად, ყვავილის გრილი და ხის მერქნის, აღმოსავლური და ხილის არომატები). ბაზური ნოტები ანუ შლეიფები არომატის შემადგენლობაში ყველაზე ძლიერი და მდგრადი ნოტებია და მათზეა დამოკიდებული ხანგრძლივი შთაბეჭდილების შექმნა.
3. რატომ შეიგრძნობა ერთი არომატი განსხვავებულად სხვადასხვა ადამიანებზე?
ნაცნობი სიტუაცია: მეგობარ გოგონაზე ახალი არომატი საოცრად ჟღერს, შენზე კი — არც თუ ისე კარგად? არომატის გამჟღავნებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: სხეულის ტემპერატურა, pH დონე, კანის ტიპი და დიეტის არსებობა. ამავე პირობებზეა დამოკიდებული პარფიუმერული საშუალებების არომატების ჟღერადობა კანზე. მაგალითად, ცხიმიანი კანი ზეთის ექსტრაქტებს უკეთ "შეიწოვს", ვიდრე ნორმალური ან მშრალი კანი, ამიტომ არომატი უფრო ღრმად და გაჯერებულად ჟღერს. ციტრუსის ნოტები დიდებულად მჟღავნდება ცხიმიან კანზე, ყვავილის ღრმა (ტუბეროზა) ან სანელებლების (დარიჩინი) ნოტები კი — მშრალ კანზე. ტკბილი ნოტები უფრო ძლიერად ჟღერს, ვიდრე გრილი. ნორმალური ტიპის კანი გაქვს? მაშინ გილოცავთ, ნებისმიერი არომატი კარგად გაიჟღერებს!