შინაგანი კრიტიკოსი
თქვენ ენთუზიაზმით ჯდებით სამუშაოდ, მაგრამ უცებ თქვენს თავში იწყებენ ტრიალს შემდეგი აზრები: «არაფერი არ გამოვა, დაწყებაც არ ღირს. და, საერთოდ, ვის სჭირდება ეს – მხოლოდ ტყუილად დავკარგავ დროს». დიახ, სწორედ ეს არის მთავარი დემოტივატორის – შინაგანი კრიტიკოსის ხმა. სინამდვილეში, მისი ფუნქცია არის თქვენი დაცვა. ის ზრუნავს მუშაობის ხარისხზე, თქვენს რეპუტაციასა და ეფექტურობაზე, ცდილობს დაგიცვათ შეცდომებისგან და უარყოფითი გამოცდილებისგან. უბრალოდ, ამას ისეთი მკაცრი, უხეში და დამამცირებელი ხერხით აკეთებს, რომ უბრალოდ ხელს გიშლით მშვიდად ცხოვრებაში.
როგორ მოვიქცეთ?
დასაწყისისთვის მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ, თუ თქვენ შეწყვეტთ საკუთარი თავის კრიტიკას თქვენი ნაკლოვანებების გამო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ განვითარებას შეწყვეტთ და უფერულობის, საშუალოობის ჭაობი გშთანთქავთ. სამაგიეროდ, თქვენს ცხოვრებაში ნაკლები ქრონიკული სტრესი იქნება, რადგან მუდმივი თვითკრიტიკა სწორედ მას იწვევს. რა თქმა უნდა, მასში გონივრული მარცვალიც არის. ასე რომ, იპოვეთ იგი და შემდეგ შეცვალეთ მამხილებელი და გამაუფასურებელი შინაგანი ხმა მხარდამჭერ და თანამგრძნობ ხმაზე. დაამკვიდრეთ კეთილი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, ესაუბრეთ საკუთარ თავს, როგორც თქვენს საუკეთესო მეგობარს და გახსოვდეთ, რომ არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს.
თვითსაბოტაჟი
ოდესმე გიმოქმედიათ საღი აზრისა და პირადი ინტერესების საწინააღმდეგოდ? წვეულებაზე დიდხანს დარჩენა მნიშვნელოვანი შეხვედრის წინა დღეს, საინტერესო ღონისძიებისთვის რეგისტრაციის გადადება ბოლო მომენტზე და ამის გამო მისი გაცდენა, უპერსპექტივო სამუშაოზე დარჩენა ან ტოქსიკურ ურთიერთობებში ყოფნა – თვითსაბოტაჟის მეთოდები მრავლადაა. თქვენ პოულობთ საბაბს, იმიზეზებთ, აყოვნებთ და აჭიანურებთ, «ივიწყებთ» რაღაცის გაკეთებას და შედეგად, არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრწყინვალე შესაძლებლობები და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ამ «ძირგამომთხრელი მუშაობის» მიღმა დგას, უპირველეს ყოვლისა, შიში: მაგალითად, თქვენ გეშინიათ გააკეთოთ რაიმე ახალი და უჩვეულო. ან წარმატება გაშინებთ. დიახ, ესეც ხდება. იქნებ არ გსურთ, რომ თქვენი შეშურდეთ, ან იქნებ გეჩვენებათ, რომ წარმატებასთან ერთად უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები დაგეკისრებათ, რომელთა აღება საკუთარ თავზე არ გინდათ.
როგორ მოვიქცეთ?
გაარკვიეთ როგორ, რაში და რატომ უწყობთ საბოტაჟს შესაძლებლობას იცხოვროთ უფრო ბედნიერად. შემდეგ შეეცადეთ ჩართოთ გონება და გააცნობიეროთ თითოეული კონკრეტული სიტუაცია და ეცადეთ იმოქმედოთ საკუთარი თავის საკეთილდღეოდ. მაგალითად, თქვენ ამჩნევთ, რომ აყოვნებთ და აჭიანურებთ: შეადგინეთ სამუშაოების ჩამონათვალი, დაყავით თითოეული პუნქტი ქვეპუნქტებად და დაიწყეთ განხორციელება. ეს ხომ ძალიან სასიამოვნოა – სიიდან ამოშალო ის, რაც გაკეთდა, და ჩნდება შთაგონება, რომ იმუშაო და წინ წახვიდე!
შემზღუდავი რწმენა
«წარმატება მხოლოდ მძიმე შრომით მიიღწევა», «მე არჩევანი არ მაქვს», «ბიზნესი ძალზე სარისკოა», «მე ვერაფერზე ვერ მოვახდენ გავლენას, გაცილებით ადვილია – არ ჩავება ამ საქმეში». იცით, რა აერთიანებს ამ გამონათქვამებს? ეს ყველა არის შემზღუდავი რწმენა, რომელიც განსაზღვრავს მოქმედებას და მსოფლაღქმას. ისინი უბრალოდ როდი ჩნდებიან – ძირითადად, ეს აზრები მშობლებისგან და ახლობლებისგან გვიჩნდება, მაგრამ რაღაც იბადება, რა თქმა უნდა, პირადი გამოცდილებიდან. ასეთი რწმენები უდიდეს გავლენას ახდენს ცხოვრებაზე – მათ გამო ჩვენ თავს უფლებას არ ვაძლევთ ვიოცნებოთ უფრო მასშტაბურად და არ ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც გვინდა.
როგორ მოვიქცეთ?
ჩაატარეთ ინვენტარიზაცია: ჩამოწერეთ ის რწმენები, რომლებიც არაფრით არ გეხმარებიან ცხოვრებაში. შემდეგ დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: «რა მოხდება, თუ ეს ასე არ არის?» შეეცადეთ შეცვალოთ საწყისი რწმენა და წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება შეიცვალოს თქვენი ცხოვრება, თუ სამყაროს სხვანაირად შეხედავთ.
არაადეკვატური თვითშეფასება
თქვენ სწრაფად ნებდებით და ხშირად ვერ ბედავთ რაიმე ახალი და უჩვეულო საქმის გაკეთებას? ან, პირიქით, თავს საუკეთესოდ თვლით და გამუდმებით ცდილობთ ყველას აჩვენოთ თქვენი სიმკაცრე და სიძლიერე? ორივე შემთხვევაში საუბარია არარეალისტურ თვითშეფასებაზე, ანუ საკუთარი შესაძლებლობების და შეზღუდვების, ძლიერი და სუსტი მხარეების გაუგებლობაზე და გაუცნობიერებლობაზე. მიზეზი მდგომარეობას იმაში, რომ გარშემო მყოფი ადამიანები ბავშვობიდანვე გვაწებებენ დადებით და უარყოფით იარლიყებს («შენ ზარმაცი ხარ», «ხელები სწორი ადგილიდან არ გეზრდება», «ვუნდერკინგი», «აუტანელი ხასიათი») და ჩვენთვის ძნელია იმის გაგება, თუ როგორები ვართ სინამდვილეში.
როგორ მოვიქცეთ?
უკეთ გაეცანით საკუთარ თავს! სცადეთ რაიმე ახალი, მიიღეთ გამოცდილება და გამოიტანეთ დასკვნები იმის შესახებ, თუ რა თვისებები გაგაჩნიათ და რისი გაკეთება შეგიძლიათ. ამ ცოდნის საფუძველზე თქვენ შეძლებთ გაიგოთ, თუ რა ამოცანები დაუყენოთ საკუთარ თავს და როგორ მიაღწიოთ მათ.