პირადი წვლილი: საკუთარ თავში ინვესტირების 5 გზა

შენი ყველაზე მთავარი აქტივი შენ ხარ. სწორედ ამიტომ, მიზნების მისაღწევად, ჯანსაღი ეგოიზმის სწავლა ღირს. ჩადეთ თქვენი ძალ-ღონე, ფული და დრო, პირველ რიგში, საკუთარ განვითარებაში. ეს არ არის ისეთი რთული, როგორც ჩანს! ჩვენ ვიცით საკუთარ თავში ინვესტირების 5 მარტივი გზა, რომლებიც ნამდვილად მოიტანს კარგ დივიდენდებს.

 

1. იზრუნე ჯანმრთელობაზე
ჩვენი პროდუქტიულობა და ის, თუ რამდენად ბედნიერად ვგრძნობთ თავს, დამოკიდებულია ჩვენს გუნება-განწყობილებაზე და კეთილდღეობაზე. როდესაც რამე გვტკივა, ჩვენ ხომ უფრო ცუდად ვმუშაობთ და უფრო სწრაფად ვიღლებით, და ცხოვრებიდან სიამოვნებას არ ვიღებთ. ასე რომ, პირველ რიგში, საჭიროა ინვესტირება ჯანმრთელობაში. საუბარია არა მხოლოდ ექიმთან წასვლის, დაბალანსებული დიეტის და სწორი ფიზიკური დატვირთვის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია კარგად გამოძინება, შვებულების აღება და დასვენების დროულად მოწყობა, ორგანიზმის ვიტამინებით უზრუნველყოფა, კომფორტული ფეხსაცმლის შეძენა და სამუშაო სივრცის მოწყობა ისე, რომ ხერხემალზე დატვირთვა რაც შეიძლება ნაკლები იყოს. 

2. გამოკვეთე სილამაზე
ეს ძალიან მარტივი და სასიამოვნოა. მაგალითად, კანის მოვლას, მოგეხსენებათ, დიდი დრო არ სჭირდება – მხოლოდ რამდენიმე წუთი დილით და საღამოს. მაგრამ ამ ინვესტიციას დაუყოვნებლივ მოაქვს შედეგი. ჯერ ერთი, საკუთარ თავზე ზრუნვა სიამოვნებას განიჭებთ და მეორეც, ეს არის მარტივი საშუალება სილამაზის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და თავდაჯერებულობისა და საკუთარი მიმზიდველობის შეგრძნების გასაძლიერებლად. ასეთი სრულყოფილი საფუძველით უფრო ადვილი იქნება საკუთარი ელეგანტური იმიჯის შექმნა. დაეუფლეთ მაკიაჟის მარტივ ტექნიკას, შეარჩიეთ სწორი აქსესუარები, ისწავლეთ ახალი ვარცხნილობების გაკეთება და, რა თქმა უნდა, დაამატეთ არომატი. ახლა კარგი შთაბეჭდილების მოხდენა აღარ იქნება რთული!  

 

3. იპოვე გონების საკვები
დაისახეთ მიზნად კვირაში ერთი წიგნის წაკითხვა ან უცხო ენის შესწავლა. ეს ხელს შეუწყობს აზროვნების განვითარებას, გააფართოებს თქვენს თვალთახედვას და საშუალებას მოგცემთ ბევრ საკითხს სხვა კუთხით შეხედოთ. თუ თქვენ გაქვთ დიდი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა, მაშინ, რა თქმა უნდა, ღირს ინვესტიციის ჩადება განათლებაში. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მასტერ-კლასებით, ტრენინგებითა და ვებინარებით, რათა განსაზღვროთ ის სფერო, რომელშიც გსურთ განვითარდეთ, ან უბრალოდ შეიძინოთ ახალი ცოდნა. თუ თქვენი მიზანია გახდეთ გარკვეული დარგის სპეციალისტი, მაშინ უნდა იფიქროთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე ან დამატებითი განათლების მიღებაზე. ეს გაზრდის თქვენს კონკურენტუნარიანობას და დაგეხმარებათ გაცილებით მეტი შედეგის მიღწევაში, რადგან შეძლებთ გამოიყენოთ ინფორმაცია და უნარები, რომლებსაც სხვები არ ფლობენ.  

4. იყავი კომუნიკაბელური
ეს პუნქტი საერთოდ არ ეხება ფულს. ახალი ნაცნობების შესაძენად და ახლო ურთიერთობის დასამყარებლად გჭირდებათ დრო, ძალა და სურვილი, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრსაც მიიღებთ სანაცვლოდ. ემოციური მხარდაჭერა, იმის შეგრძნება, რომ შეგიძლია ვიღაცას დაეყრდნო, რჩევები, საჭირო ადამიანების კონტაქტები, შთაგონება და მოტივაცია — ეს ყველაფერი შეიძლება სამეგობრო წრემ შეგძინოთ. იფიქრეთ იმაზე, ვისთან ერთად ისურვებდით დროის გატარებას და ვის შეუძლია დაეხმაროს თქვენს განვითარებას, იპოვეთ ონლაინ — ან ოფლაინ-გაერთიანებები, სადაც შეგიძლიათ გაიცნოთ ასეთი ადამიანები, და იარეთ წინ!  

 

5. გახადე ცხოვრება საინტერესო
მოგზაურობა, საინტერესო საქმიანობა და გართობა — ეს არის ის, რაც დადებით ემოციებს და ენერგიას განიჭებთ. თუ დროდადრო დატოვებთ კომფორტის ზონას, გააკეთებთ რაიმე უჩვეულოს და ეწვევით ახალ ადგილებს, თქვენი თვითშეფასება გაიზრდება და გაგიჩნდებათ განცდა, რომ სრულ და სავსე ცხოვრებას ეწევით. ხოლო სიხარული, რომელსაც გამოასხივებთ, აუცილებლად მიიზიდავს თქვენსკენ სხვა ადამიანებს. რადგან ყველას სურს შეეხოს ბედნიერებას.

ტექსტი: ფოტო: Oriflame