აჩვენე ენთუზიაზმი
ახლობლებს შენ უყვარხარ და ამიტომ ცდილობენ დაგიცვან შესაძლო იმედგაცრუებებისგან და წარუმატებლობებისგან. შენ უნდა დაამშვიდო და დაარწმუნო ისინი, რომ შენ მოგწონს ის, რასაც აკეთებ. აუხსენი მათ შენი მუშაობის ყველა ნიუანსი და აუცილებლად უამბე შენი პირველი მიღწევების შესახებ. ასე შენ არა მარტო აიძულებ მათ შეცვალონ საკუთარი აზრი, არამედ, შესაძლოა, შთააგონებ, რომ ისინიც დაკავდნენ რაიმე საინტერესო საქმით.
შეიტყვე მიზეზი
არ იქნება ზედმეტი, თუკი გაარკვევ, რატომ არიან ახლობლები შენი წამოწყებების წინააღმდეგნი. სთხოვე მათ გაგიზიარონ საკუთარი მოსაზრებები, ისაუბრონ ეჭვებისა და შიშის შესახებ — ეს საშუალებას მოგცემს სხვა რაკურსიდან შეხედო სიტუაციას, გამოავლინო მტკივნეული წერტილები და თავიდან აირიდო შესაძლო შეცდომები.
გაავლე საზღვრები
შეურიგდი იმ აზრს, რომ ახლობლები შეიძლება არ იზიარებდნენ შენს თვალსაზრისს, და ეს მათი უფლებაა. მაგრამ მათი არასასურველი და უსარგებლო რჩევების მოსმენა სრულებით არ არის აუცილებელი შენთვის. განსაზღვრე, რისი განხილვა გსურს ოჯახთან და რისი არა. იქნებ საერთოდ არ ღირს სამსახურზე საუბარი? თქვენ ხომ ამის გარდა ისედაც უამრავი საინტერესო თემა და საერთო ინტერესი გაქვთ?
გააძლიერე თვითშეფასება
თუ ოჯახი მხარს არ უჭერს შენს წამოწყებებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენში რაღაც არასწორია. ნუ მიიტან ახლობლების სიტყვებს გულთან ძალიან ახლოს და შეეცადე გამიჯნო ემოციები ფაქტებისგან. შენ გეუბნებიან, რომ არაფერი გამოგივა? გაიხსენე ყველაფერი, თუნდაც ყველაზე პატარა გამარჯვებები: სიტუაციები, რომელთა გადაწყვეტა მოახერხე და საქმიანობა, რომელშიც თუნდაც მცირე წარმატების მიღწევა შეძელი. შენ გაქვს ზურგს უკან შენი გამოცდილება, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო, როდესაც იღებ გადაწყვეტილებას ცვლილებების შესახებ.
შეცვალე გარემოცვა
მოწონება და მხარდაჭერა — ეს არის ის, რაც ადამიანების უმრავლესობას ჭირდება. რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ადვილია საკუთარი მიზნისკენ წინსვლა, როდესაც არის ვიღაც, ვისაც შენი სწამს, ვინც მზად არის მოგისმინოს და გაგამხნევოს. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს შენი ოჯახი ან ახლობლები. იპოვე შენი თანამზრახველები ან შექმენი ადამიანთა წრე, გაერთიანება, რომლებიც ავითარებენ თავიანთ პროექტებს და შენსავით საჭიროებენ მხარდაჭერას. მოაწყვეთ შეხვედრები, სადაც ფინჯან ყავასთან ერთად უამბობთ ერთმანეთს საკუთარი გეგმების და შედეგების შესახებ, გაუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და მისცემთ საინტერესო რჩევებს.
ბიზნესი და ოჯახი: როგორ მოიპოვო ახლობლების მხარდაჭერა
შენ იცი, რაც გსურს, გრძნობ შენში არსებულ დიდ პოტენციალს და ამბიციურ ამოცანებს ისახავ მიზნად. შენ გწამს საკუთარი თავის. აი, შენს ახლობლებს კი არა. ისინი მხარს არ უჭერენ შენს წამოწყებებს, გადაწყვეტილებებს, ცდილობენ გადაგათქმევინონ აქტიური მოქმედებები, ეჭვს გიღვივებენ და აცხადებენ, რომ შენ მიერ არჩეული მიზნის მიღწევა შეუძლებელია. რა უნდა გააკეთო ასეთ სიტუაციაში და როგორ უნდა მოიქცე, რომ თავი არ დაანებო საყვარელ საქმეს? ჩვენ გიამბობთ ამის შესახებ წინამდებარე სტატიაში.