დარია მილკა
19 წლის, მოდელი
«ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ასაკთან დაკავშირებული ბევრი სტერეოტიპი არსებობს. მაგალითად, რომ მოდელის კარიერა უნდა დაიწყო 13 წლიდან და, თუ 25 წლამდე ტოპ-მოდელების რიცხვში ვერ მოხვდი, ე.ი შენი მზე უკვე ჩაესვენა.
ადამიანები ჩემს თავს ხშირად ამ იდეების პრიზმაში განიხილავენ. მაგალითად, კარიერა გვიან დავიწყე – 16,5 წლისამ. ბევრს აწუხებს ეჭვი ჩემს რეალურ ასაკთან დაკავშირებით – იმიტომ, რომ ფოტოებზე მე შემიძლია სხვადასხვანაირად გამოვიყურებოდე.
მეორე სტერეოტიპი დაკავშირებულია იმასთან, რომ 20 წლის ასაკში საჭიროა მიიღო განათლება, ისწავლო უნივერსიტეტში და შექმნა საკუთარი მომავალი. ხშირად, ასეთი ზეწოლა მშობლებისგან მოდის. მაგრამ მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტში სწავლა და პარალელურად მუშაობა 30 წლის ასაკშიც შეიძლება. ახლა, თუ მე მინდა ვიმოგზაურო, რომლის შესაძლებლობასაც ჩემი პროფესია მაძლევს გამოვიყენებ მას და ჩემს სურვილს ავისრულებ, ხოლო რა იქნება შემდეგ – ვნახოთ. იმედი მაქვს, რომ ასე აჯობებს!».
ირინა გორბაჩოვა
30 წლის, მსახიობი, ბლოგერი
«ასაკობრივი სტერეოტიპები, რა თქმა უნდა, არსებობს. თეატრში ყველაფერი მარტივადაა: იმისთვის, რომ სხვადასხვა გმირი განასახიერო, მთელი რიგი საშუალებები არსებობს. თუ იცი, რამდენი წლისაა შენი გმირი, საკმარისია მხოლოდ გრიმის გაკეთება. და პლასტიკა - როდესაც შედარებით ახალგაზრდა ხარ, უფრო ექსპრესიული, სასაცილო, მოუხერხებელი ხარ, ხანდაზმულ ასაკში კი მოძრაობა უფრო გიჭირს. ეს დოგმებია, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა გეხმარება წარმოაჩინო შენი გმირის ასაკი.
ჩემი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის მესმის: «ოჰ, ირა შენ უკვე არ ხარ 17 წლის… არც 21, არც 22, არც 23, არც 24...», ანუ ყველა ასაკს თავისი დოგმა აქვს. მერე რა! მე თავს 17-18 წლისად ვგრძნობ. სინამდვილეში, მე არ ვიცი როგორ ვუპასუხო მსგავს შეკითხვებს, რადგან არ მესმის რა არის «ასაკი». მიმაჩნია, რომ ასაკი არ არსებობს – აი ასეთი ადამიანი ვარ მე. დიახ, პასპორტით ასაკი არსებობს, სინამდვილეში კი არა.
მე არ მივისწრაფი რაიმეს რეალიზაციისკენ, უბრალოდ მივყვები ცხოვრების დინებას. თუმცა, ცოტა ხნის წინ გამიჩნდა ოცნება, რომლის განხორციელების სურვილითაც ავინთე; ეს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა, და თუ ეს შესაძლებელი იქნება ველოსიპედით. ვიგრძენი, რომ ამ სამყაროდან წასვლა, როდესაც ამის დრო მოვა, ისე, რომ არ შევიგრძნო მთელი მისი ხიბლი და მშვენიერება - ჩემი აზრით უსამართლობა იქნება. ამიტომ, მე შევეცდები ავისრულო ეს ოცნება».
დიანა ალიაშვილი
47 წლის, ორიფლეიმის ბიზნეს პარტნიორი
«რა თქმა უნდა ყოველთვის მოიძებნებიან სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც სტერეოტიპებით აზროვნებენ და თვლიან, რომ «ყველაფერს თავისი დრო აქვს», რომ ახლის შესწავლა და წარმატების მიღწევა გარკვეულ ასაკამდეა შესაძლებელი. კარიერის შექმნა 25 წლიდან უნდა დაიწყო, 40 წლის შემდეგ კი შეგიძლია «იცურო დინების მიმართულებით».
საკუთარი თავიდან გამომდინარე, როგორც ჩემი საყვარელი ფილმის გმირი ამბობს; «ორმოცი წლის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება», – აბსოლუტური სიმართლეა! 36 წლის ასაკში მესამე ბიჭი შემეძინა და თავი კვლავ ახალგაზრდა დედად ვიგრძენი. მაშინ, როდესაც ჩემი ორი უფროსი ვაჟი თავის წარმატებულ კარიერას ქმნიდა.
მე მომწონს, როდესაც ახალგაზრდულად გამოვიყურები. ორიფლეიმის დამსახურებაა, რომ ყოველ დღე მიწევს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებთან ურთიერთობა და თავს ახალგაზრდად ვგრძნობ მათ გარემოცვაში. მე მსიამოვნებს, როდესაც ვუყურებ ჩემს შვილებს, რომლებიც ამაყობენ თავიანთი ახალგაზრდა და წარმატებული დედით და ასევე მომწონს, როდესაც ჩემი მეუღლის აღფრთოვანებულ მზერას ვიჭერ 27 წლიანი ცოლ-ქმრული თანაცხოვრების შემდეგ. მე მომწონს, რომ თავს სტერეოტიპებისგან თავისუფალ და ჩემი შვილების და გუნდისთვის სანიმუშო ადამიანად ვგრძნობ.
ყოველ დღე მე მივისწრაფი ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და ეს მოძრაობა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია – ამას მე ჩემი საკუთარი მაგალითით ვამტკიცებ!»
ტატიანა ნეკლიუდოვა
61 წლის, მოდელი
«შემდეგნაირად წარვადგენ: ტატიანა ნეკლიუდოვა, 61 წლის, ორი შვილის დედა, სამი შვილიშვილის ბებია და შეთავსებით მოდელი. მოდელობა 59 წლისამ დავიწყე. მანამდე არ მიყვარდა ფოტოების გადაღება და არც საკუთარი თავი მიმაჩნდა ლამაზად. გადაღებების და ფოტოსესიების შემდეგ ჩემი თავისადმი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შემეცვალა და ბევრად თავისუფალი გავხდი. მოხარული ვარ, რომ შევძელი მეპოვა საკუთარი განვითარების ახალი ვექტორი.
ქვედა საცვლების ფოტოსესიის შემდეგ ზოგიერთი მომხმარებლის კომენტარი შემდეგი იყო: «ამ ასაკში საცვლების ჩვენებას, ჯობია იმქვეყნიურ ცხოვრებაზე იფიქროს». მაგრამ, ეს ერთეული შემთხვევა იყო. ეს პირველად მოხდა რუსეთში, როდესაც ჩემი ასაკის ქალი ქვედა საცვლების რეკლამაში მონაწილეობას დათანხმდა. ჩვენ პატარა რევოლუცია მოვახდინეთ. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ: «ღმერთო, ეს რა ავანტიურა იყო!». მაგრამ, მთლიანობაში მიხარია, რომ ასეთი გამოცდილება მივიღე.
ერთხელ ჩემმა ფოტომ ინსტაგრამზე 3000 «ლაიქი» დააგროვა! ჩვენი ფოტო სამოდელო სააგენტოს კოლეგებთან ერთად გამოქვეყნდა მოდების ცნობილ ამერიკულ ჟურნალში, სადაც დაიწერა, რომ საკუთარი მაგალითით ჩვენ ვცვლით რუსეთში სილამაზის და ასაკის მიმართ დამოკიდებულებას.
თავს 60 წლის ქალად ნამდვილად არ ვგრძნობ. მე ვარ ახალგაზრდა, გატაცებული ვარ იოგათი, სკანდინავიური სიარულით, დავდივარ ველოსიპედით, ერთი სიტყვით, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. მე მომწონს ჩემი გარეგნობა და მიყვარს ჩემი სხეული. უფრო მეტიც, ახლა უფრო მომწონს საკუთარი თავი, ვიდრე ახალგაზრდობაში. მე არ მიმაჩნია, რომ სილამაზე ასაკთან ერთად მიდის, არა ის უბრალოდ იცვლება».