შეფ-მზარეული - ყოველთვის ლიდერია. თქვენ ხსნით რესტორნებს, მუდმივად იწყებთ ახალ პროექტებს, გსურთ აიყოლიოთ ადამიანები და შთააგონოთ ისინი.რა არის ყველაზე მთავარი წარმატებისთვის?
წარმატებისთვის მნიშვნელოვანია არა რომელიმე ერთი მახასიათებელი, არამედ მათი ერთობლიობა. თქვენ უნდა დამუხტოთ ადამიანები ენერგიით. მე «სანათს» მიწოდებენ და ჩემთან ურთიერთობით მათ უუმჯობესდებათ განწყობა და ემატებათ ენერგია. ჩვენ ბევრი შინაგანი ენერგია გვაქვს ,მთავარია მისი აღმოჩენა და რეალიზაცია. გავმეორდები და ვიტყვი, რომ სწორი კვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია იმისა, თუ როგორ ვგრძნობთ თავს. მაგალითად, მე მესმის, რომ თუ ძალიან ბევრს შევჭამ, დილით ფორმაში არ ვიქნები და ჩემი მუშაობის პროდუქტიულობაც ჩვეულებრივზე დაბალი იქნება, ჩემი ლიდერული თვისებებიც გაქრება. საჭიროა აკონტროლოთ თქვენი კვება, შეინარჩუნოთ კარგი ფიზიკური ფორმა, დაკავდეთ სპორტით. ზოგადად, ლიდერული მისწრაფება ან აღზრდასთან ერთად მოდის, ან გენეტიკური ფაქტორია. ვიღაცისთვის ეს მდგომარეობა შესაძლოა კომფორტულია, ვიღაცისთვის კი არა. ეს ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული, მე, მაგალითად სხვაგვარად ვერ შევძლებდი.
თუ დავბრუნდებით წარსულში, როგორ წარმოგედგინათ სიჭაბუკეში საკუთარი მომავალი? ყველაფერი გამოგივიდათ?
იცით, დიახ. თუმცა მკაფიო მიზანი მქონდა — მინდოდა იახტა მეყიდა 30 წლის ასაკში. ვფიქრობ, არა უშავს რა, სერიოზული ოცნება მქონდა (იცინის). დღეს 33 წლის ვარ, იახტა არ მაქვს, მაგრამ პატარა ნავის ყიდვა შემიძლია.
საქმე იმაშია, რომ ფულზე არ ვიყავი ორიენტირებული. მინდოდა შეფ-მზარეული გამოვსულიყავი და ყველანაირად ვცდილობდი, ძალ-ღონეს არ ვიშურებდი ამის მისაღწევად. ისეთი თვისებები, როგორიცაა პედანტურობა, ენერგიულობა და ჩემი ნახელავის გაზიარების სურვილი დამეხმარა გავმხდარიყავი ხელმძღვანელი. «ოჰ, სამზარეულო შეგიძლიათ საშას მიანდოთ და ყველაფერს გააკონტროლებს», — ამბობდა უფროსი. სამსახურში მარტო იმისთვის არ დავდიოდი, რომ თვის ბოლოს ხელფასი ამეღო. სამუშაო ჩემი ცხოვრების აზრი იყო. მძიმე და რთული იყო, მაგრამ ჩემი საქმიანობისგან ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი, რადგანაც გულით ავირჩიე ის, რაზეც ვოცნებობდი. ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ეს მთავარი კრიტერიუმია.
რა შეგრძნება გქონდათ პირველი გადაღების შემდეგ?
გადაღებაში მონაწილეობ, ძალისხმევას არ იშურებ, ცდილობ, დიდ დროს ატარებ კამერის წინ, იღლები. მაგრამ, როდესაც ხედავ შედეგს და გესმის გამოხმაურება, შეფასებები, ხვდები, რომ ტყუილად არ გარჯილხარ და ეს უზარმაზარი შრომა ამაოდ არ გაგიწევია. «თქვენ ენერგიით დაგვმუხტავთ და გვეხმარებით, რომ საჭმლის მომზადება რაღაც მხიარულ და პოზიტიურ საქმიანობად აღვიქვათ», მეუბნებოდნენ მავანნი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო შეფასება. ჩვენი პროფესია ბედნიერია, — ჩვენ სხვების სიამოვნებისა და ემოციების გულისთვის ვამზადებთ.
თქვენ პროპაგანდას უწევთ საჭმლის მომზადებისადმი მარტივ მიდგომას. ძალიან პოზიტიური, ღია და უბრალო ადამიანი ჩანხართ. მართლა ასეა? სისადავე და უბრალოება ხელს ხომ არ გიშლით ბიზნესში? ყველაფერი ხდება, ადამიანები იტყუებიან, შეთანხმებები ირღვევა.
მე უბრალო ადამიანი ვარ. მესმის, რომ ეს შესანიშნავი თვისებაა, რომელიც არ დამიკარგავს და არც დავკარგავ. ბიზნესი — სერიოზული საქმეა. შემეძლო გავმხდარიყავი უხეში და გულქვა, შევცვლილიყავი უარესობისკენ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მატყუებდნენ და "გადამაგდეს" კიდეც — ამის გარეშე შეუძლებელია. მაგრამ ცხოვრებაზე პოზიტიური შეხედულების წყალობით გაცილებით მეტს მივაღწევ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ეჭვქვეშ დავაყენებ.
რას ურჩევდით 15 წლის მოზარდს, რომელიც ფიქრობს, რა აირჩიოს და რა საქმიანობით დაკავდეს?
უნდა გესმოდეს, რისი გაკეთება გსურს. მე თავიდანვე, ექვსი წლის ასაკიდან მიზიდავდა საკვები. ჭამას ვაღმერთებდი, ძალიან მიყვარდა საჭმლის თავად მომზადება, გამუდმებით ქურასთან ვიდექი დედის და ბებიის გვერდით. მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმეა და არ გამჩენია კითხვა, სად წავიდე სასწავლებლად და რომელი პროფესია ავირჩიო.